
ბითლზი
ბითლზი (ინგლ.: The Beatles) — 1960 წელს ჩამოყალიბებული პოპ- და როკენროლ-ჯგუფი ლივერპულიდან, ინგლისი; დღემდე მუსიკის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. მათმა ნოვატორულმა ტექნიკამ და გავლენამ კულტურაზე ჩამოაყალიბა 1960-იანების მიმდინარეობა, მათი გავლენა პოპ-კულტურაზე კი დღემდე იგრძნობა. ჯგუფი, რომელიც ძირითადად შედგებოდა ჯონ ლენონის (რითმული გიტარა, ვოკალი), პოლ მაკარტნის (ბას-გიტარა, ვოკალი), ჯორჯ ჰარისონისა (წამყვანი გიტარა, ვოკალი) და რინგო სტარისგან (დასარტყმელი ინსტრუმენტები, ვოკალი), 1960-იან წლების აშშ-ის მუსიკაში "ბრიტანული შემოსევის" პიონერი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ მათი საწყისი მუსიკალური სტილი 1950-იანი წლების როკ-ენდ-როლსა და ადგილობრივ სკიფლს ეფუძნებოდა, ჯგუფის შემოქმედება დროთა განმავლობაში გასწვდა ისეთ ჟანრებს, როგორიცაა ტინ პენ ელი და ფსიქოდელიური როკი. მათი ჩაცმის სტილი და განცხადებები საზოგადოებისთვის მოდის მიმართულების განმსაზღვრელი იყო, ხოლო მათი მზარდი სოციალური აქტიურობა 1960-იანი წლების სოციალურ და კულტურულ რევოლუციებზეც ტოვებს კვალს. 1970 წელს ჯგუფის დაშლის შემდეგ, თითოეულმა წევრმა სოლო კარიერა გააგრძელა.
შექმნის ისტორია
1957 წლის მარტში, ლივერპულში, ქუორი ბენკის სკოლაში ჯონ ლენონმა ჩამოაყალიბა სკიფლის შემსრულებელი ჯგუფი ქუორიმენი.[1] ქუორიმენის ერთ-ერთ კონცერტზე (უოლტონ გარდენი, წმ. პეტრეს ეკლესია, 6 ივლისი, 1957) აღმოჩნდა პოლ მაკარტნი, რომელიც შეუერთდა ჯგუფს. 1958 წლის 6 თებერვალს ერთ-ერთ კონცერტს ასევე დაესწრო ახალგაზრდა გიტარისტი ჯორჯ ჰარისონი.[2] მაკარტნიმ ჰარისონი გაიცნო სკოლის ავტობუსში. მაკარტნის თხოვნით, ჰარისონი შეუერთდა ქუორიმენს მთავარი გიტარისტის სახით 1958 წლის მარტში, ერთ-ერთი რეპეტიციის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ლენონს არ მოსწონდა ჰარისონის ასაკი - იგი ყველაზე უმცროსი იყო. მომავალი ბითლზის შემადგენლობა ნელ-ნელა ყალიბდებოდა და 1960 წლის იანვარში მასში მოვიდა ლენონის მეგობარი სამხატვრო სასწავლებლიდან, სტიუარტ სატკლიფი, რომელიც ბას გიტარაზე უკრავდა. ლენონიც და მაკარტნიც უკრავდნენ რითმ გიტარაზე და ჯგუფმა რამდენიმე დრამერი შეცვალა.
ქუორიმენმა რამდენიმე სახელი გამოიცვალა - "Johnny and the Moondogs", "Long John and the Beatles", "the Silver Beetles" (ეს სახელი მათ ლარი პარნსმა შესთავაზა). შემდეგ, 1960 წლის აგვისტოში მათ 'The Beetles' დაირქვეს (ბადი ჰოლისა და ჯგუფის The Crickets საპატივცემულოდ). ლენონს სურდა ჯგუფის გადარქმევა 'The Beatals'-ად. შემდეგი სახელი იყო 'Silver Beats', The Silver Beetles, and the 'Silver Beatles', ხოლო საბოლოო - უკვე The Beatles. ლარი პარნსთან ერთად მათ მცირე ტური მოაწყვეს და იქცნენ 'ბითლზად'.[3]
1960 წლის მაისში ჯგუფმა კვლავ მოაწყო მცირე ტური, მომღერალ ჯონი ჯენტლთან ერთად.[4] კოლექტივს ჯერ კიდევ არ ჰყავდა მუსიკოსი, რომელიც დაუკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე. მათთან ხოლმე უკრავდა შედარებით უფროსი, ტომი მური. მან დატოვა ჯგუფი და დაუბრუნდა ბოთლების ქარხნის მძღოლის საქმიანობას. შემდეგი მის მაგივრად იყო ნორმან ჩეპმენი. მცირე ხნის განმავლობაში მან დაუკრა დასარტყამებზე, მაგრამ მცირე ხანში იგი სხვა სახელმწიფო სამსახურში იხმეს. მას წასვლას დაემთხვა ჯგუფის მიწვევა ჰამბურგის კლუბებში, როდესაც ბითლზმა არ იცოდა, როგორ მოეგვარებინა დასარტყამების პრობლემა.
ჰამბურგი
1960 წლის 12 აგვისტოს დაინიშნა ჯგუფის პირველი კონცერტი ჰამბურგში. საბოლოო კომპრომისის შედეგად ჯგუფში მოვიდა პიტ ბესტი. ბესტი ჯგუფთან The Blackjacks უკრავდა, კასბას ყავის კლუბში, რომლის მეპატრონეც პიტის დედა, მონა ბესტი, იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბესტი არც თუ კარგად უკრავდა, იმ დროისათვის იგი ყველაზე შესაფერისი კანდიდატურა აღმოჩნდა.
ბესტის დაქირავებიდან ოთხი დღის შემდეგ ჯგუფი ჰამბურგში გაემგზავრა. კონცერტები დაიწყო ინდრა კლუბით, 4 ოქტომბერს გადაინაცვლა კაიზერკელერში. ჯგუფი ყოველდღე ექვს ან შვიდ საათს უკრავდა. იმავე წლის 21 ნოემბერს ჯორჯ ჰარისონი დეპორტირებული იქნა, არასრულწლოვანების გამო. ერთი კვირის შემდეგ იგივე სანქცია მიიღეს მაკარტნისა და ბესტის წინააღმდეგ, რომლებმაც სასტუმროს ნომერში ცეცხლი გააჩაღეს. დეკემბერის შუა რიცხვებში ლენონიც დაბრუნდა ლივერპულში. ჰამბურგში დარჩა სატკლიფი, გერმანელ საცოლესთან, ასტრიდ კირხნერთან ერთად. ამასობაში ჯგუფმა ჩაატარა კონცერტი კასბას კლუბში (სატკლიფის მაგივრად უკრავდა ჩეს ნიუბი).
1961 წლის აპრილში ბითლზი ჰამბურგში დაბრუნდა და კლუბში Top Ten დაუკრა. აქ მათ გაიცნეს ადგილობრივი მომღერალი ტონი შერიდანი, რომელმაც მათ დამხმარე ჯგუფად მუშაობა შესთავაზა. ამასთან, იგი გეგმავდა ალბომის ჩაწერას და მის გამოცემას ლეიბლზე Polydor Records.[5] ჯგუფმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან და სულ მალე გამოიცა შერიდანის/ბითლზის ერთობლივი სინგლი "My Bonnie (Mein Herz ist bei dir nur)". ფირფიტაზე ამ დუეტის სახელი იყო "Tony Sheridan and the Beat Brothers". ამ ჩანაწერის აღმოჩენის შემდეგ ჯგუფს შეხვდა ბრაიან ეპსტაინი — სწორედ მაშინ ბითლზის შესახებ პირველად დაწერეს ამერიკულ პრესაში.
დაახლოებით 1962 წლის დასაწყისში ჟურნალმა Cashbox ახსენა "My Bonnie", როგორც ახალი როკ-ენ-როლური გუნდის, Tony Sheridan and the Beat Brothers დებიუტი. სინგლის რამდენიმე ასლი გამოვიდა ლეიბლზე Decca (აშშ რადიოებისათვის)[6].
ჯგუფი ისევ ლივერპულში დაბრუნდა, თუმცა სატკლიფი კვლავ ჰამბურგში დარჩა, ასტრიდთან ერთად. ამ დროისათვის მაკარტნი ბას გიტარაზე გადაერთო. ასტრიდს ეკუთვნის ჯგუფის შავ-თეთრი ფოტოსურათები (თუმცა მას არ მოუფიქრებია ჯგუფის ვარცხნილობა, როგორც ბევრი დღემდე თვლის).
მესამე მოგზაურობა ჰამბურგში განხორციელდა 1962 წლის 13-31 აპრილს. ისინი უკრავდნენ კლუბში Star. ამას დაემთხვა სამწუხარო ამბავი — სატკლიფი ტვინში სისხლის ჩაქცევის შედეგად გარდაიცვალა.[7]
ჯგუფის მენეჯერი 1962 წლის იანვარში ეპსტაინი გახდა, რის შემდეგაც სულ მალე მათ ხელი მოაწერეს კონტრაქტს ბრიტანულ კომპანიასთან.
პირველი კონტრაქტი
კომპანიასთან Decca Records წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ეპსტაინი ოქსფორდის ქუჩაზე მდებარი მუსიკალურ მაღაზიაში HMV შევიდა, სადაც იგი Decca Records-ზე ჩაწერილი ფირების დისკებზე გადატანას აპირებდა. იქ ინჟინერმა ჯიმ ფოიმ მას გააცნო სიდ კოლმენი, კომპანიის EMI წარმომადგენელი. დემო ფირების მოსმენის შემდეგ კომენმა ეპსტაინს შესთავაზა ფირების ჯორჯ მარტინთან მიტანა. მისი თქმით, ეს უკანასკნელი "ხალისიან ჩანაწერებზე" მუშაობდა. ეპსტაინმა მიაკითხა ლეიბლს Parlophone, რომელიც EMI-ს ერთ-ერთი განშტოება იყო. მარტინთან შეხვედრის შედეგად ბითლზმა ერთწლიანი კონტრაქტი მიიღო. აგრეთვე, 1962 წლის 6 ივნისისათვის დაიგეგმა კოლექტივის პირველი ხმისჩამწერი სესია ები როუდის სტუდიაში (ეს არის EMI-ს კუთვნილი სტუდია, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ ლონდონში).[8] მარტინი არ იყო კმაყოფილი დემო ჩანაწერით, მაგრამ მას პიროვნულად ოთხეულის წევრები მოეწონა. იგი მიხვდა, რომ მათ მუსიკალური ნიჭი ჰქონდათ, თუმცა მოგვიანებით რამდენიმე ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანი მათი აზროვნება და იუმორი იყო.
მალე მარტინს პრობლემები გაუჩნდა პიტ ბესტთან. მან ეპსტაინს შესთავაზა პიტის შემცვლელი მუსიკოსის მოძიება. ბესტმა, გარდა ყველაფრისა, ავადმყოფობის გამო გააცდინა რამდენიმე მოსმენა (სხვადასხვა კლუბში). რადგანაც მასთან მუშაობდა სულ უფრო რთულდებოდა, 16 აგვისტოს ბესტს ოფიციალურად დაატოვებინეს ბითლზი. მის ნაცვლად რინგო სტარს, ჯგუფის Rory Storm and the Hurricanes მუსიკოსს სთხოვეს დროებით დახმარება. სტარი ადრეც უკრავდა მათთან, ჰამბურგის კლუბებში.
ლენონის, მაკარტნის, ჰარისონისა და სტარის პირველი ერთობლივი ჩაწერა მანამდე 1960 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში (ჰამბურგში) მოხდა.[9] მაგრამ სტარისთვის მეორე სესიის შემდეგ, რომელიც 1962 წლის 4 სექტემბერს შედგა, მარტინმა შემდეგი, 11 სექტემბრის ჩაწერისათვის ენდი უაიტი იქირავა.
კონტრაქტის მიხედვით ჯგუფის წევრებს გარანტირებული ჰქონდათ თითო პენი თითოეული გაყიდული სინგლიდან, რომლის თითო მეოთხედიც ჯგუფის თითოეულ წევრს შეხვდებოდა.[10]. მოგვიანებით, ამას დაემატა ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ გაყიდულ სინგლებიდან შემოსული ერთი პენი ნახევარი, რომელსაც, შესაბამისად, ოთხ ნაწილად იყოფდნენ. მარტინი თვლიდა, რომ ეს საშინელი კონტრაქტი იყო.
ჯგუფის პირველმა სესიამ მნიშვნელოვანი შედეგები არ მოიტანა, მასალის დიდი ნაწილი დაუსრულებელი იყო, თუმცა სწორედ ამ სესიაზე იქნა ჩაწერილი "Love Me Do", რომელიც მუსიკალურ ჰიტ-აღლუმებში 17-ე ადგილზე აღმოჩნდა.[11] 1962 წლის 26 ნოემბერს მათ ჩაწერეს მეორე სინგლი "Please Please Me", რომელმაც ჰიტ-აღლუმში მე-2 ადგილს მიაღწია, ხოლო გამოცემის NME ჩარტში — 1-ელ ადგილს. სამი თვის თავზე ჩაწერილ იქნა პირველი ალბომი Please Please Me. პირველი სატელევიზიო გამოჩენა შედგა გადაცემაში ადამიანები და ადგილები, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა მანჩესტერიდან. [12]ბითლზის პოპულარობასთან ერთად იზრდებოდა მოზარდი გოგონების ისტერია მათთან მიმართებაში, რომელსაც მოგვიანებით ბიტლომანია უწოდეს.
ჯგუფი მალე შეამჩნია რამდენიმე მუსიკალურმა კრიტიკოსმა. ტაიმსის კრიტიკოსმა უილიამ მენმა 1963 წლის 23 დეკემბრის რეცენზიაში ბითლზის სიმღერები "Till There Was You" და "I Want to Hold Your Hand" საკმაოდ დადებითად აღწერა.
შტატებში
ბრიტანეთში კოლექტივი უკვე ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ EMI-ს ამერიკულმა განყოფილებამ Capitol Records უარი თქვა სინგლების "Please Please Me" და "From Me to You" აშშ–ს ტერიტორიაზე გამოცემაზე. [13] სინგლები გამოვიდა ჩიკაგოში მდებარე Vee-Jay Records-ზე, მცირე ლეიბლზე. არტ რობერტსი, პოპულარული რადიოსადგურის "WLS" წამყვანი, რეგულარულად უშვებდა "Please Please Me"-ს თავის ეთერში. ეს იყო ბითლზის პირველი ჩანაწერი, რომელმაც გაიჟღერა აშშ რადიოეთერში. მოგვიანებით Vee-Jay Records-სა და ბითლზს შორის კონტრაქტი გაუქმებული იქნა, რადგანაც ოთხეულს არ გადაუხადეს ჰონორარი.
22 ნოემბერს გამოვიდა ჯგუფის მეორე ალბომი "With The Beatles". 14 სიმღერიდან უმრავლესობა მათი საკუთარი შექმნილი ნომრები იყო. 1965 წლისათვის გაიყიდა მისი 1 მილიონი ასლი.
1963 წლის აგვისტოში ფილადელფიურმა ლეიბლმა Swan Records გამოსცა "She Loves You", რომელიც თავდაპირველად რადიოეთერში წარუმატებელი იყო. დიკ კლარკის შოუში American Bandstand მოზარდებმა დასცინეს ბითლზს მათი ვარცხნილობის გამო. 1963 წლის ნოემბერში ბრაიან ეპშტეინის თხოვნით, ედ სალივანმა დაიწყო კოლექტივის წარდგენა საკუთარ გადაცემაში - იმ წელს ბითლზი სამჯერ იყო ედის სტუმარი. ამან ოთხეულს მოუტანა გარანტირებული კონტრაქტი კომპანიასთან Capitol Records, რომელმაც შემდეგი წლის იანვრის შუა რიცხვებში გამოსცა შემდეგი სინგლი "I Want to Hold Your Hand".[14] 1963 წლის 10 დეკემბერს ეთერში გავიდა 5 წუთიანი ისტორია, რომელიც გადაღებული იქნა ინგლისში. მასში საუბარი იყო ბრიტანეთში ბითლომანიის ფენომენზე. გადაცემის შემდეგ მოზარდმა გოგონამ მარშა ალბერტმა (რომელიც მერილენდში ცხოვრობდა) მისწერა კეროლ ჯეიმსს, რადიოსადგურის WWDC (ვაშინგტონი) წამყვანს, რომ მას ხშირად გაეშვა ბითლზის სიმღერები. კეროლ ჯეიმსი, რომელმაც ასევე ნახა ეს სიუჟეტი, დაინტერესდა ბითლზით, მოიპოვა სინგლის "I Want to Hold Your Hand" პრომო ასლი და, 17 დეკემბრის რადიოდებიუტის შემდეგ, სიმღერა შემჩნეული იქნა უამრავი მსმენელის მიერ. Capitol Records-ის პრეზიდენტმა ალან ლივინგსტონმა, რომელიც გაოგნებული იყო ამ წარმატებით, გადაწყვიტა დროზე ადრე გამოეშვა სინგლი, იმავე წლის 26 დეკემბერს. [15]
ნიუ იორკის რამდენიმე რადიოსადგურმა დაიწყო სიმღერის საკუთარ ეთერში გაშვება გამოსვლის დღეს. დადებითი რეაქცია სინგლთან დაკავშირებით მოედო ვაშინგტონსა და ნიუ იორკს. 10 დღეში გაიყიდა სინგლის ერთი მილიონი ასლი და, 1964 წლის 16 იანვარს, ჟურნალმა Cashbox ჩანაწერს მიანიჭა რიგით პირველი სინგლის სტატუსი. ჯეკ პაარის შოუს ავტორებმა იცოდნენ, რომ თებერვალში ბითლზი გამოვა ედ სალივანის შოუში. მათ წინასწარ შეიძინეს ბრიტანული ტელევიზიის BBC მიერ გადაღებული "She Loves You" და გაუშვეს იგი საკუთარ ეთერში 1964 წლის 3 იანვარს - ასე რომ პაარმა დაასწრო სალივანს ბითლზის წარდგენა საკაბელო ტელევიზიის ეთერში.
ოკეანის გაღმა
წლის 7 თებერვალს ჯგუფის ათასობით მოყვარულმა თავი მოიყარა ჰიზროუს აეროპორტში, ბითლზის აშშ-ში გასაცილებლად. იქვე იმყოფებოდნენ ფოტოგრაფები, ჟურნალისტები (მათ შორის იყვნენ მორინ კლივი და ფილ სპექტორი), რომლებიც ასევე აშშ-ში მიფრინავდნენ. ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში ჯგუფის წევრებს 3 ათასამდე თაყვანისმცემელი დახვდათ. პრესკონფერენციის შემდეგ ბითლზის წევრები ნიუ-იორკში გაემგზავრნენ. გზად მაკარტნიმ რადიოში მოისმინა ინფორმაცია, რომ ბითლზი ნიუ-იორკში ჩავიდა და სასტუმრო პლაზასკენ მიემართება. სასტუმროსთან მათ კვლავ ურიცხვი თაყვანისმცემელი და ჟურნალისტები დახვდნენ. ჰარისონს მეორე დღეს სიცხე ჰქონდა და იგი პირველ დიდ ტელეჩაწერაზე ნილ ასპინალმა შეცვალა .
1964 წლის წარმატების შემდეგ, კომპანიებმა Vee-Jay Records და Swan Records გაიხსენეს ჯგუფი და ახალი სახით გამოსცეს მისი ყველა წინა ჩანაწერი - მათი ნაწილი საუკეთესო ათეულებში მეორედ მოხვდა.
1964 წელს ჯგუფმა საკონცერტო ტურით ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში იმოგზაურა. ავსტრალიაში, სადაც ჯგუფს 300.000–მდე თაყვანისმცემელი შეეგება, ისინი რინგოს გარეშე ჩავიდნენ. რინგო, რომელიც იმ დროს ავად იყო, დროებით შეცვალა ჯიმი ნიკოლმა. 1964 წლის 21 ივნისს რინგო კვლავ შეუერთდა ჯგუფს.[16]
1965 წლის ივნისში ელისაბედ II-მ ბუკინგემის სასახლეში დააჯილდოვა ბითლზის წევრები ბრიტანული იმპერიის ორდენებით. ბევრმა ორდენოსანმა შეურაცხყოფად მიიჩნია ჩვეულებრივი მუსიკოსებისათვის ამ ორდენების გადაცემა და ორდენი დედოფალს დაუბრუნა. მოგვიანებით ვიეტნამის ომის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად იგივე გაიმეორა ლენონმაც.
1965 წლის 15 აგვისტოს შის სტადიონზე გაიმართა ჯგუფის დიდი კონცერტი, რომელსაც დაესწრო 55.600–მდე მაყურებელი. დეკემბერში გამოიცა ჯგუფის მეექვსე ალბომი Rubber Soul, რომელიც იქცა დიდ გარღვევად მუსიკალურ სამყაროში.
No comments:
Post a Comment